Skip to main content

საქართველო-რუსეთი: სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორი გამოძიების დაწყებას ითხოვს

2008 წლის კონფლიქტის დაზარალებულები მართლმსაჯულების აღსრულებას ელიან

(ჟენევა) - სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის თხოვნა, საქართველოში გამოძიება ჩაატაროს, სამხრეთ ოსეთის რეგიონში 2008 წლის კონფლიქტის დროს ჩადენილი საერთაშორისო დანაშაულების გამოძიების შესაძლებლობას გააჩენს. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პირველი წინასასამართლო პალატის სამი მოსამართლისგან შემდგარი კოლეგია განიხილავს პროკურორის 2015 წლის 13 ოქტომბრის შუამდგომლობას და მიიღებს გადაწყვეტილებას, დაუშვას თუ არა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს, როგორც ბოლო ინსტანციის სასამართლოს, ჩართვა.

2008 წლის აგვისტოში, საქართველოსა და რუსეთს შორის ერთკვირიანმა ღია სამხედრო კონფლიქტმა სამხრეთ ოსეთში, რომელიც საქართველოს სეპარატისტული რეგიონია და საერთო საზღვართან ერთად ძალიან მჭიდრო კავშირები აქვს რუსეთთან, მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა მშვიდობიან მოსახლეობას. შეიარაღებულმა კონფლიქტმა და ძალადობამ, რომელიც დაზარალებულ და დაუცველ რაიონებში მომდევო კვირების განმავლობაში მძვინვარებდა, ასობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა ორივე მხარეს, ათიათასობით ადამიანი გახადა იძულებული, საცხოვრებელი ადგილი დაეტოვებინა და მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენა მოსახლეობის კერძო საკუთრებას.

„საქართველოსა და რუსეთში მიმდინარე გამოძიებებში წინსვლის არარსებობა აფერხებს მართლმსაჯულების აღსრულებას მკვლელობებისა და იძულებით გამოდევნისთვის“, თქვა ელიზაბეთ ევენსონმა,  Human Rights Watch-ის საერთაშორისო მართლმსაჯულების განყოფილების უფროსმა იურისტმა. „დაზარალებულები კვლავ ელიან მართლმსაჯულების აღსრულებას იმაზე, რაც 2008 წელს მოხდა“.

Human Rights Watch-ის მიერ ჩატარებული კვლევა ცხადყოფს, რომ კონფლიქტის დროს, სამხრეთ ოსეთის შეიარაღებული ფორმირებები კლავდნენ, სცემდნენ და აშინებდნენ ეთნიკურ ქართველებს, წვავდნენ და ძარცვავდნენ მათ სახლებს, რაც მათი რეგიონიდან იძულებით გამოედევნის კამპანიის ნაწილი იყო. Human Rights Watch-ის კვლევამ ასევე აჩვენა არადამიზნებადი იარაღისა და არაპროპორციული ძალის გამოყენების შემთხვევები, როგორც საქართველოს ასევე რუსეთის სამხედრო შენაერთების მხრიდან, რაც შესაძლოა ომის კანონების დარღვევები ყოფილიყო.

კონფლიქტს ასობით ადამიანი ემსხვერპლა ყველა მხრიდან, ხოლო 20,000-მდე ეთნიკური ქართველი იძულებით იქნა სამხრეთ ოსეთიდან გამოდევნილი, რომელთა უმეტესობა უკან ვერ ბრუნდება.

საქართველო სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წევრი სახელმწიფო 2003 წელს გახდა, რითიც სასამართლოს იურისდიქცია მიანიჭა  ქვეყნის ტერიტორიაზე ან მისი მოქალაქეების მიერ ჩადენილ გენოციდის, ადამიანურობის წინააღმდეგ დანაშაულებისა და ომის დანაშაულებზე. 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტის დროს სავარაუდოდ ჩადენილი დანაშაულების წინასწარი მოკვლევა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის ოფისმა ამ კონფლიქტის დასრულებიდან მალევე დაიწყო. რუსეთი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო წევრი სახელმწიფო არ არის.

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს კანცელარიამ რაც შეიძლება მალე უნდა დაიწყოს საქართველოსა და რუსეთის საზოგადოების ინფორმირების კამპანია, რათა ამ ქვეყნების მოსახლეობას მკაფიოდ განემარტოს სასამართლოს მანდატი და პროკურორის მოთხოვნაზე გადაწყვეტილების მიღების პროცედურები, თქვა Human Rights Watch-მა.

„2008 წლის კონფლიქტი იმ დაძაბულობის ფონზე მოხდა, რომელიც დიდი ხნის მანძილზე ღრმავდებოდა; ეს დღესაც აისახება ეროვნულ დებატებში რუსეთთან და ევროპასთან საქართველოს ურთიერთობების შესახებ,“ განაცხადა ევანსონმა. „სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლეებს საშუალება უნდა მიეცეთ, დამოუკიდებელი გადაწყვეტილება მიიღონ, ხოლო რეგიონის პოლიტიკურმა ლიდერებმა სასამართლოს სრული მხარდაჭერა უნდა დაუდასტურონ“.

თუ სანქცირება მოხდა, გამოძიება საქართველოში სასამართლოსთვის აფრიკის კონტინენტის მიღმა საქმიანობის განხორციელების პირველი შემთხვევა იქნება.

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ასეთმა ფოკუსირებამ აფრიკაზე გააჩინა მოსაზრება სასამართლოს მიკერძოებულობის თაობაზე. სინამდვილეში, ეს მოსაზრება უსაფუძვლოა, თქვა Human Rights Watch-მა. სასამართლომ აფრიკაში გამოძიებების უმეტესობა ამ კონტინენტის ქვეყნების მთავრობების თხოვნით დაიწყო; აფრიკის ქვეყნები კი, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წევრი სახელმწიფოების უდიდეს ბლოკს წარმოადგენენ. აფრიკის უფლებადამცველებმა უდიდესი მხარდაჭერა გამოხატეს დაზარალებულთათვის ზიანის ანაზღაურების უზრუნველყოფაში სასამართლოს როლის მიმართ. ამავე დროს, ძლიერი სახელმწიფოები და მათი მოკავშირეები ხშირად, სხვადასხვა ფაქტორის წყალობით, თავს არიდებენ მართლმსაჯულებას, როდესაც მათ ტერიტორიებზე სერიოზული დანაშაულებია ჩადენილი.

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ხელშეკრულების თანახმად, პროკურორს საკუთარი შუამდგომლობით შეუძლია მოითხოვოს გამოძიების დაწყება - ანუ, წევრი სახელმწიფოს ან გაეროს უშიშროების საბჭოს მოთხოვნის გარეშე, მაგრამ ამისათვის მას წინასასამართლოს პალატის სანქცია ესაჭიროება. პროკურორის მიერ მოწოდებულ მასალებზე დაყრდნობით, მოსამართლეები განსაზღვრავენ, არსებობს თუ არა გამოძიების სანქცირების „გონივრული საფუძველი“. დაზარალებულებს ასევე შეუძლიათ, საკუთარი მოსაზრებები მიაწოდონ წინასასამართლო პალატას.

„სასამართლოს საქმის წარმოების გეოგრაფიული ფოკუსის აფრიკის მიღმა გაფართოება არ წარმოადგენს - და არც უნდა წარმოადგენდეს - იმ ფაქტორს, რომელიც მოსამართლეებმა უნდა გაითვალისწინონ,“ თქვა ევანსონმა. „და მაინც, პროკურორის ოფისის ეს მოთხოვნა იმის შეხსენებაა, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გლობალური წვდომის პოტენციალი აქვს“.

2008 წლის კონფლიქტი

სამხრეთ ოსეთში შეიარაღებული კონფლიქტი, რომელიც 2008 წლის 7 აგვისტოს დაიწყო, ერთი კვირა, 15 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტამდე, გაგრძელდა და დამთავრდა ქართული სამხედრო შენაერთების სამხრეთ ოსეთიდან უკან დახევით და რუსეთის სამხედრო შენაერთების მიერ ამ რეგიონისა და  საქართველოს არასადავო ტერიტორიების დროებით ოკუპაციით.

Human Rights Watch-ის კვლევის თანახმად, ქართულმა სამხედრო შენაერთებმა სამხრეთ ოსეთზე არადამიზნებადი საარტილერიო თავდასხმები განახორციელეს მრავალჯერადი რაკეტგამშვები სისტემის გამოყენებით, რომლის დამიზნება საკმარისი სიზუსტით ისე, რომ სამოქალაქო და სამხედრო ობიექტების ერთმანეთისგან განსხვავება მოხდეს მშვიდობიანი მოქალაქეებით დასახლებულ ადგილებში შეუძლებელია. სამხრეთ ოსეთში და საქართველოს არასადავო ტერიტორიაზეც რუსეთის სამხედრო ძალებმა გამოიყენეს არადამიზნებადი საჰაერო და საარტილერიო თავდასხმები და სატანკო შეტევები, რის შედეგადაც ბევრი სამოქალაქო პირი დაიღუპა და დაიჭრა.

Human Rights Watch-ის კვლევამ აგრეთვე აჩვენა სამხრეთ ოსეთის შეარაღებული ფორმირებების მიერ სამხრეთ ოსეთის ეთნიკური ქართველების ზოგიერთი სოფლის მიზანმიმართული და სისტემატური განადგურების კამპანია. ისინი ძარცვავდნენ, სცემდნენ, აშინებდნენ და უკანონოდ აპატიმრებდნენ ეთნიკურ ქართველებს; მათ რამდენიმე ადამიანი გამიზნულად მოკლეს ეთნიკური და პოლიტიკური ნიშნით, რათა იძულებული გაეხადათ ამ რაიონების დანარჩენი მოსახლეობა, სამუდამოდ დაეტოვებინა მშობლიური სოფლები და არასდროს დაბრუნებოდნენ საკუთარ სახლებს.

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო პირველი გლობალური მუდმივმოქმედი სასამართლოა, რომელიც უფლებამოსილია, განახორციელოს იმ ადამიანთა სისხლისსამართლებრივი დევნა, რომლებმაც ომის და ადამიანურობის წინააღმდეგ და გენოციდის დანაშაულები ჩაიდინეს. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს 123 წევრი სახელმწიფო ჰყავს, მათ შორის პალესტინა, რომელიც სასამართლოს 2015 წლის 1 აპრილს შეუერთდა.

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის ოფისს დაწყებული აქვს გამოძიებები ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში, კოტ-დივუარში, სუდანის დარფურის რეგიონში, კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში, კენიაში, ლიბიაში, მალისა და ჩრდილოეთ უგანდაში. ფატუ ბენსუდა სასამართლოს მთავარი პროკურორის თანამდებობას 2012 წლიდან იკავებს.

გამოძიებები ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში, კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში, მალისა და ჩრდილოეთ უგანდაში ამ ქვეყნების მთავრობების თხოვნის საფუძველზე დაიწყო. დარფურსა და ლიბიაში გამოძიებები უშიშროების საბჭომ მოითხოვა, ხოლო კენიასა და კოტ-დივუარში გამოძიების სანქცირების თხოვნით სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურატურის ოფისმა სასამართლოს მოსამართლეებს მიმართა.

პროკურატურა ასევე ახორციელებს სავარაუდო დანაშაულების წინასწარ მოკვლევას მსოფლიოს რამდენიმე სხვა ქვეყანაში, რათა მიიღოს გადაწყვეტილება, დაიწყოს თუ არა გამოძიება. ასეთ ქვეყნებს შორის არის ავღანეთი, კოლუმბია, გვინეა, ჰონდურასი,  ნიგერია, პალესტინა და უკრაინა, ასევე, ერაყი, სადაც სასამართლო გაერთიანებული სამეფოს შეიარაღებული ძალების სავარაუდო დანაშაულებს იკვლევს.

სასამართლოს იურისდიქციის განხორციელება შემდეგი სამიდან ერთ-ერთი გზით შეუძლია: სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წევრი სახელმწიფო ან გაეროს უშიშროების საბჭო თხოვნით მიმართავს პროკურორს გამოძიების დაწყების შესახებ; ან სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის ოფისი, საკუთარი ინიციატივით, ითხოვს წინასასამართლო მოსამართლეთა პალატისგან გამოძიების დაწყების სანქცირებას.

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო გამოძიებას იწყებს იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისი ქვეყნის ხელისუფლებას არ სურს ან არ შეუძლია, გამოიძიოს საქმე. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის ოფისის საჯარო ანგარიშების თანახმად, 2008 წლის კონფლიქტის დროს ჩადენილი სავარაუდო დანაშაულების გამოძიება ეროვნული საგამოძიებო სტრუქტურების მიერ სერიოზული ბარიერების წინაშე აღმოჩნდა: რუსეთის ხელისუფლებამ საკუთარი პასუხისმგებლობის სფეროდან გამორიცხა ბრალდებები ოსური შეიარაღებული ძალების სავარაუდო დანაშაულების შესახენ, ხოლო საქართველოს პროკურატურამ გამოძიების შეფერხების მიზეზად რუსეთის მასალების ხელმისაწვდომობის და რუსეთის მხრიდან თანამშრომლობის არარსებობა დაასახელა.

თუ გამოძიების სანქცირება მოხდა, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის ოფისს ექნება მანდატი, მიუკერძოებლად, სავარაუდო დამნაშავის იდენტობის მიუხედავად, შეისწავლოს ბრალდებები. ეს ბრალდებები ეხება ქართული და რუსული სამხედრო შენაერთების და ოსური შეიარაღებული ფორმირებების წევრების მიერ სავარაუდოდ ჩადენილ დანაშაულებს.

Your tax deductible gift can help stop human rights violations and save lives around the world.