Skip to main content

კითხვა-პასუხი: საქართველო და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო

After hiding in a basement for nearly a week in her home village, a displaced Georgian arrives in Gori. August 18, 2008. © 2008 Marcus Bleasdale/VII

2015 წლის 13 ოქტომბერს, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა ფატუ ბენსუდამ სასამართლოს მოსამართლეებს იმ დანაშაულებათა გამოძიების დაწყების თხოვნით მიმართა, რომლებიც საქართველოში, 2008 წლის აგვისტოში, ქვეყნის შეიარაღებულ ძალებს, სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის შეიარაღებულ ფორმირებებსა და რუსეთის შეიარაღებულ ძალებს შორის კონფლიქტის დროს იქნა ჩადენილი.

აღნიშნული ომის დროს ჩადენილი სავარაუდო დანაშაულების ანალიზი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის ოფისმა ამ ერთკვირიანი შეიარაღებული კონფლიქტის 2008 წლის 15 აგვისტოს დასრულებიდან მალევე დაიწყო ფორმატით, რომელიც „წინასწარი მოკვლევის“ სახელით არის  ცნობილი. მოკვლევის დროს, პროკურორის ოფისი არ იყო უფლებამოსილი, სრულყოფილი გამოძიება ჩაეტარებინა და შესაბამისად, ეყრდნობოდა იმ მასალებს, რაც მთავრობებისგან, მათ შორის, საქართველოს და რუსეთის ხელისუფლებებისგან მიიღო და ასევე, ინფორმაციას, რომელიც მთავრობათაშორისმა და არასამთავრობო ორგანიზაციებმა მიაწოდეს. შუამდგომლობის დაკმაყოფილების შემთხვევაში, პროკურორის ოფისი შეძლებს, სრულყოფილად გამოიძიოს კონფლიქტის ყველა მხარის მიერ ჩადენილი სავარაუდო დანაშაულები.

კონფლიქტის მიმდინარეობის, ასევე, მისი დასრულების შემდგომ თვეებში Human Rights Watch-ი ადგილზე იმყოფებოდა, რათა აღეწერა ყველა მხარის მიერ საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლისა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ნორმების დარღვევები. 2009 წლის იანვარში, Human Rights Watch-მა გამოაქვეყნა კონფლიქტის ყოვლისმომცველი ანგარიში, „ცეცხლის ალში: საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმების დარღვევები და დაზარალებული მშვიდობიანი მოსახლეობა სამხრეთ ოსეთში განვითარებული კონფლიქტის დროს“, რომელიც აღწერდა ყველა მონაწილე მხარის მიერ ჩადენილ დარღვევებს.

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო მუდმივმოქმედი სასამართლოა,  რომლის სათავო ოფისი ჰააგაში მდებარეობს. იგი ხელშეკრულებაზე დაფუძნებული სასამართლოა და დამოუკიდებელია გაერთიანებული ერების ორგანიზაციისგან. მას 123 წევრი სახელმწიფო ჰყავს, საქართველოს ჩათვლით. საქართველომ  სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ხელშეკრულების, „რომის წესდების“, რატიფიცირება 2003 წელს მოახდინა, რითიც სასამართლოს 2003 წლის 1 დეკემბრიდან ქვეყნის ტერიტორიაზე ან მისი მოქალაქეების მიერ ჩადენილ გენოციდის, ომის დანაშაულებსა და  ადამიანურობის წინააღმდეგ დანაშაულებზე იურისდიქცია მიანიჭა.

ქვემოთ მოცემული კითხვები და პასუხები ეხება გამოძიების დაწყებაზე პროკურორის შუამდგომლობას და შემდგომ ნაბიჯებს.

 

  1. დაიწყო სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ საქართველოსა და რუსეთს შორის კონფლიქტის გამოძიება?

     

  2. რატომ სჭირდება სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორსმოსამართლეთა თანხმობა გამოძიების დასაწყებად?

     

  3. რის გამოძიებას ითხოვს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორი?

     

  4. დაედება თუ არა საფუძვლად მომავალ ბრალდებებს პროკურორის მიერ თავის 2015 წლის 13 ოქტომბრის შუამდგომლობაში მითითებული სავარაუდო დანაშაულები?

     

  5. თუ გამოძიების სანქცირება მოხდა, შეძლებს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორი ბრალი წაუყენოს ქართველ და რუს ოფიციალურ პირებს, რომლებიც ეჭვმიტანილი არიან კონფლიქტის დაწყებაში?

     

  6. რა განსხვავებააადამიანურობის წინააღმდეგ დანაშაულსა და ომის დანაშაულს შორის?

     

  7. რა მოხდება შემდეგ? რა ფაქტორებს გაითვალისწინებენ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლეები გამოძიების სანქცირებაზე გადაწყვეტილების მიღებისას?

     

  8. ექნებათ დაზარალებულებს შესაძლებლობა, მოსამართლეებს საკუთარი მოსაზრებები ამ ეტაპზე მიაწოდონ?

     

  9. ვინაიდან სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო ბოლო ინსტანციის სასამართლოა, ჩატარებულა აღნიშნული დანაშაულების გამოძიებები საქართველოსა ან რუსეთში?

     

  10. ვინაიდან რუსეთი არ არის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წევრი სახელმწიფო, შეძლებს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორი, გამოიძიოს ბრალდებები რუსეთის მოქალაქეების მიერ სამხრეთ ოსეთში ჩადენილი სავარაუდო დანაშაულების შესახებ?

     

  11. დაიწყებს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო აღმოსავლეთ უკრაინაში განვითარებული კონფლიქტის გამოძიებას?

     

  12. მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ეს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პირველი გამოძიება იქნება აფრიკის კონტინენტის მიღმა?

     

  13. როგორ შეიტყობს საქართველოს და რუსეთის მოსახლეობა, რას აკეთებს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო 2008 წლის კონფლიქტთან დაკავშირებით?

     

 

1. დაიწყო სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ საქართველოსა და რუსეთს შორის კონფლიქტის გამოძიება?

არა. ამ ეტაპზე სასამართლოს პროკურორი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლეებისგან გამოძიების სანქცირებას ითხოვს.

 

2. რატომ სჭირდება სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორსმოსამართლეთა თანხმობა გამოძიების დასაწყებად?

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ გამოძიების დაწყების სამი გზა არსებობს. ორი მათგანი ითვალისწინებს გამოძიების დაწყებას გაეროს უშიშროების საბჭოს ან სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წევრი სახელმწიფოს თხოვნის საფუძველზე. თუმცა, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორს გამოძიების დაწყება ამგვარი თხოვნის გარეშე, საკუთარი შუამდგომლობით შეუძლია.

თუ პროკურორს საკუთარი შუამდგომლობის საფუძველზე სურს მოქმედება, ჯერ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წინასასამართლო პალატამ, რომელიც სამი მოსამართლისგან შედგება, გამოძიებაზე სანქცია უნდა გასცეს. პროკურორი მოსამართლეებისგან ამ გამოძიების სანქცირებას იმიტომ ითხოვს, რომ არც გაეროს უშიშროების საბჭოს და არც საქართველოს თუ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რომელიმე სხვა წევრ სახელმწიფოს 2008 წლის კონფლიქტის გამოძიების თხოვნით სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთვის არ მიუმართავს.

 

3. რის გამოძიებას ითხოვს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორი?

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორი ითხოვს ადამიანურობის წინააღმდეგ იმ დანაშაულების და ომის იმ დანაშაულების შესახებ სავარაუდო ბრალდებების გამოძიებას, რომლებიც ჩადენილი იქნა საქართველოში 2008 წლის აგვისტოდან 2008 წლის ოქტომბრამდე პერიოდში. პროკურორმა ასევე ნებართვა ითხოვა იმ მოვლენების გამოძიებაზე, რომლებიც 2008 წლის 1 ივლისის შემდეგ განვითარდა, რადგან, როგორც პროკურორმა შუამდგომლობაში აღნიშნა, ეს მოვლენები, მიუხედავად იმისა, რომ სავარაუდო დანაშაულების ჩადენის პერიოდს უსწრებს, შესაძლოა რელევანტური იყოს ადამიანურობის წინააღმდეგ დანაშაულების და ომის დანაშაულების დადგენისთვის.

© 2012 Human Rights Watch

მისთვის აქამდე ხელმისაწვდომი ინფორმაციის საფუძველზე, პროკურორმა დაადგინა, რომ არსებობს გონივრული საფუძველი ვარაუდისა, რომ სამხრეთ ოსეთის შეიარაღებულმა ფორმირებებმა ჩაიდინეს ადამიანურობის წინააღმდეგ დანაშაულები მკვლელობების, დეპორტაციის და დევნის სახით, ასევე, ომის დანაშაულები მკლელობების, მტრის ქონების (ან მოწინააღმდეგის ქონების)  განადგურების და ძარცვის სახით, რაც ეთნიკური ქართველების სამხრეთ ოსეთის რეგიონიდან იძულებით გამოდევნის კამპანიის ნაწილი იყო.

პროკურორის ოფისმა ასევე დაადგინა, რომ არსებობს გონივრული საფუძველი ვარაუდისა, რომ ქართული სამხედრო შენაერთების 7-8 აგვისტოს თავდასხმები რუს სამშვიდობოებზე და რუსული სამხედრო შენაერთების 7 აგვისტოს თავდასხმები ქართველ სამშვიდობოებზე ომის დანაშაულებია სამშვიდობო მისიაში მონაწილე პერსონალსა და ობიექტებზე თავდასხმების სახით.

პროკურორის შუამდგომლობა სხვა სავარაუდო დანაშაულებსაც უთითებს, რომელთა შორისაა ქართული და რუსული სამხედრო შენაერთების მიერ არადამიზნებადი საარტილერიო თავდასხმების და არაპროპორციული ძალის გამოყენება, რომელთა დროსაც არ მოხდა სამოქალაქო ობიექტების სამხედრო ობიექტებისგან განსხვავება; ასევე, სექსუალური და გენდერული ძალადობის რამდენიმე შემთხვევა. პროკურორის ოფისმა ვერ შეძლო დაედგინა, არის თუ არა ეს ბრალდებები ის დანაშაულები, რომლებიც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს იურისდიქციას განეკუთვნება. თუმცა, იგი აღნიშნავს, რომ ეს ბრალდებები შესაძლოა გამოძიებული იქნეს, თუ სასამართლოს მოსამართლეები საქართველოში გამოძიების დაწყებაზე სანქციას გასცემენ.

 

4. დაედება თუ არა საფუძვლად მომავალ ბრალდებებს პროკურორის მიერ თავის 2015 წლის 13 ოქტომბრის შუამდგომლობაში მითითებული სავარაუდო დანაშაულები?

არ არის აუცილებელი. თუ მოსამართლეები გამოძიებაზე სანქციას გასცემენ, პროკურორის ოფისი სრულ გამოძიებას ჩაატარებს, რათა დაადგინოს, რომელი საქმე წარედგინოს სასამართლოს განსახილველად, ასეთი საქმის არსებობის შემთხვევაში.

 

5. თუ გამოძიების სანქცირება მოხდა, შეძლებს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორი ბრალი წაუყენოს ქართველ და რუს ოფიციალურ პირებს, რომლებიც ეჭვმიტანილი არიან კონფლიქტის დაწყებაში?

არა. მართალია, რომის წესდება ითვალისწინებს აგრესიის დანაშაულს, ანუ, აგრესიული ომის გაჩაღებას, მაგრამ ამ ტიპის დანაშაულზე სასამართლოს იურისდიქცია ჯერ არ ვრცელდება. სასამართლო, სულ ცოტა, 2017 წლამდე ვერ განახორციელებს იურისდიქციას აგრესიის დანაშაულზე და მისი ამოქმედების შემთხვევაშიც კი, სასამართლოს იურისდიქცია შეეხება აგრესიის მხოლოდ იმ დანაშაულს, რომელიც ამ იურისდიქციის ამოქმედების შემდეგ იქნება ჩადენილი.

Human Rights Watch-ს არ გააჩნია პოზიცია ომის გაჩაღების კანონიერებასა თუ უკანონობაზე. Human Rights Watch-ს მიაჩნია, რომ მკაცრი ნეიტრალიტეტის დაცვა ყველაზე უკეთ აძლევს საშუალებას ორგანიზაციას აწარმოოს თავისი უფლებადაცვითი საქმიანობა. ეს ნეიტრალური მიდგომა Human Rights Watch-ს შესაძლებლობას აძლევს, მიკერძოების გარეშე მოახდინოს ფოკუსირება ომის დროს შეიარაღებულ ძალების ქმედებებზე და ამით, უბიძგოს კონფლიქტის ყველა მხარეს, დაიცვას საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმები.

 

6. რა განსხვავებაა ადამიანურობის წინააღმდეგ დანაშაულსა და ომის დანაშაულს შორის?

რომის წესდების თანახმად, ომის დანაშაულები ეწოდება საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ან ომის კანონების ნორმების ზოგ სერიოზულ დარღვევას. სასამართლოს იურისდიქცია ამ დანაშაულებზე ვრცელდება, თუ ისინი ჩადენილია „გეგმის ან პოლიტიკის ფარგლებში ან ამგვარი დანაშაულის ფართომასშტაბიანი ჩადენის შემთხვევაში“.

წესდება მოიცავს სასამართლოს იურისდიქციას მიკუთვნებული ომის დანაშაულების ჩამონათვალს, რომლებიც გარკვეულწილად განსხვავდება საერთაშორისო და არასაერთაშორისო შეიარაღებულ კონფლიქტებში ჩადენილი დანაშაულებისგან. 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტი ორივე ელემენტს შეიცავს - არასაერთაშორისო შეიარაღებული კონფლიქტი საქართველოს და სამხრეთ ოსეთის შეიარაღებულ ძალებს შორის, რომლის ინტერნაციონალიზაცია რუსეთის შეიარაღებული ძალების ჩართვის გზით მოხდა.

როგორც საერთაშორისო ისე არასაერთაშორისო შეიარაღებულ კონფლიქტებში საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ანალოგიური პრინციპები მოქმედებს. მაშინ, როდესაც საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი აღიარებს, რომ გარკვეული ზარალი მშვიდობიან მოსახლეობაში გარდაუვალია, იგი ამავდროულად ვალდებულებას აკისრებს მეომარ მხარეებს, ყოველთვის განასხვაონ მებრძოლები და მშვიდობიანი მოქალაქეები და მიზანში მხოლოდ მებრძოლები და სხვა სამხედრო ობიექტები ამოიღონ.

ადამიანურობის წინააღმდეგ დანაშაული ერთ-ერთი ისეთი ქმედებათაგანია, როგორებიცაა მკვლელობა, წამება, გაუპატიურება ან დეპორტაცია, რომელიც ჩადენილია „ნებისმიერ სამოქალაქო მოსახლეობაზე ფართომასშტაბიანი ან სისტემატური თავდასხმების ფარგლებში, თავდასხმის გაცნობიერებით“. ადამიანურობის წინააღმდეგ დანაშაულები შეიძლება ომის დროს მოხდეს, მაგრამ ისინი არასაომარ ვითარებებშიც ხდება. იმისათვის, რომ ადამიანურობის წინააღმდეგ დანაშაული რომის წესდებით გასამართლდეს, წესდება მოითხოვს, რომ „თავდასხმა“ ჩადენილი იყოს სახელმწიფოს ან ორგანიზაციის პოლიტიკის გატარების მიზნით.

 

7. რა მოხდება შემდეგ? რა ფაქტორებს გაითვალისწინებენ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლეები გამოძიების სანქცირებაზე გადაწყვეტილების მიღებისას?

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წინასასამართლოს პალატა იმსჯელებს, მისცეს თუ არა პროკურორს სანქცია გამოძიების დაწყებაზე, შემდეგი ფაქტორები გათვალისწინებით:

(ა) არსებობს თუ არა გონივრული საფუძველი ვარაუდისა, რომ სასამართლოს იურისდიქციის დანაშაული იქნა ჩადენილი;

(ბ) ჩანს თუ არა, რომ ეროვნულ ხელისუფლებას არ შეეძლო ან არ სურდა, ჩაეტარებინა გამოძიება ან  განეხორციელებინა სისხლისსამართლებრივი დევნა, ვინაიდან სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო ბოლო ინსტანციის სასამართლოა და მხოლოდ იმ შემთხვევაში ერთვება, თუ ეროვნული სამართალწარმოება არ ხორციელდება;

(გ) არის თუ არა საქმე საკმარისი სიმძიმის, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ქმედება გამართლებული იყოს; და

(დ) სავარაუდოდ ჩადენილი დანაშაულების სიმძიმის და დაზარალებულთა ინტერესების გათვალისწინებით, არსებობს თუ არა მაინც მნიშვნელოვანი მიზეზები იმის სავარაუდოდ, რომ გამოძიება არ მოემსახურება მართლმსაჯულების ინტერესებს და ამიტომ, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო არ უნდა ჩაერთოს გამოძიებაში.

გადაწყვეტილების მიღებისას მოსამართლეები დაეყრდნობიან პროკურორის შუამდგომლობას და დამხმარე მასალებს, ასევე ინფრომაციას, რომელსაც დაზარალებულებისგან მიიღებენ (იხილეთ ქვემოთ). მოსამართლეებმა შესაძლოა პროკურორს ან დაზარალებულებს დამატებითი მასალის მიწოდება მოსთხოვონ.

ასეთი გადაწყვეტილების მისაღებად რაიმე ვადას რომის წესდება არ ითვალისწინებს, თუმცა კენიასა და კოტ-დივუარის შემთხვევებში მოსამართლეებს თითქმის 4 თვე დასჭირდათ საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად. მოსამართლეებმა შესაძლოა სანქცია პროკურორის შუამდგომლობაზე სრულად ან მის რომელიმე ნაწილზე გასცენ.

 

8. ექნებათ დაზარალებულებს შესაძლებლობა, მოსამართლეებს ამ ეტაპზე მიაწოდონ საკუთარი მოსაზრებები?

დიახ. მოსამართლეებს შეუძლიათ გაითვალისწინონ წინასასამართლოს პალატისთვის დაზარალებულების მიერ წერილობით მიწოდებული ინფორმაცია, ანუ იმ ადამიანების მიერ, რომლებიც დაზარალდნენ სასამართლოს იურისდიქციაში შემავალი დანაშაულის ჩადენის შედეგად.

პროკურორის ოფისმა უნდა შეატყობინოს მისთვის ცნობილ დაზარალებულებს მისი განზრახვის შესახებ, მოიპოვოს სანქცია გამოიძიებაზე. პროკურორის ოფისს შეუძლია საერთო შეტყობინება მიაწოდოს დაზარალებულთა ჯგუფებს, მაგალითად, გაზეთში შეტყობინების გამოქვეყნების გზით.

ასევე, მოსამართლეებს შეუძლიათ დაავალონ სასამართლოს სპეციალიზებულ განყოფილებებს სპეციფიკური აქტივობების განხორციელება, რათა აცნობონ დაზარალებულებს, რომ მათ ნებაყოფლობით შეუძლიათ ინფორმაცია მიაწოდონ სასამართლოს. Human Rights Watch-ის რეკომენდაციაა, რომ მოსამართლეებმა სასამართლოს კანცელარიას სთხოვონ ამ აქტივობების განხორციელება, რათა დაზარალებულებმა შეიტყონ სასამართლოსთვის ინფორმაციის მიწოდების მიზანი და პროცედურა. ეს, ასევე, კარგი შესაძლებლობაა ფართო საზოგადოებას მიეწოდოს ინფორმაცია სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს შესახებ.

 

9. ვინაიდან სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო ბოლო ინსტანციის სასამართლოა, ჩატარებულა აღნიშნული დანაშაულების გამოძიებები საქართველოსა ან რუსეთში?

პროკურორის ოფისის ანგარიშების თანახმად, რომლებიც სიტუაციის წინასწარი მოკვლევის დროს გამოქვეყნდა, საქართველოს და რუსეთის მთავრობებმა დაიწყეს კონფლიქტის დროს ჩადენილი სავარაუდო დანაშაულების გამოძიება.

როგორც პროკურორის ოფისი აღნიშნავს, რუსეთი ხელისუფლებამ თავისი გამოძიებიდან გამორიცხა ბრალდებები ოსური შეიარაღებული ძალების სავარაუდო დანაშაულების შესახებ და ფოკუსირება მოახდინა თავდასხმებზე რუსული პასპორტების მქონე მოქალაქეებსა და რუს სამშვიდობოებზე, ასევე, რუსი სამხედროების წინააღმდეგ ჩადენილ სავარაუდო დანაშაულებზე. 2008 წლის შეიარაღებული კონფლიქტის დროს, რუსეთი ქმედით კონტროლს ახორციელებდა სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე და  შესაბამისად, მას უნდა გამოეძიებინა და პასუხისგებაში მიეცა სამხრეთ ოსეთის ნებისმიერი შეიარაღებული ფორმირება, რომელმაც ომის დანაშაულები ჩაიდინა და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლისა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ნორმები დაარღვია.

რაც შეეხება ქართულ გამოძიებას, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის ოფისი ეროვნული გამოძიების შემაფერხებელ ფაქტორებად ასახელებს სამხრეთ ოსეთში ჩასვლის შეუძლებლობას, რუსეთის მხრიდან ორმხრივი იურიდიული დახმარების არარსებობას და საქართველოს მთავარი პროკურატურის ხელმძღვანელობაში ხშირ ცვლილებებს.

Human Rights Watch-ისთვის არ არის ცნობილი 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტთან დაკავშირებით რომელიმე საქმეზე სასამართლო პროცესის გამართვის შესახებ.

 

10. ვინაიდან რუსეთი არ არის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წევრი სახელმწიფო, შეძლებს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორი, გამოიძიოს ბრალდებები რუსეთის მოქალაქეების მიერ სამხრეთ ოსეთში ჩადენილი დანაშაულების შესახებ?

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს იურისდიქცია ვრცელდება იმ დანაშაულებზე, რომლებიც ჩადენილი იქნა მისი წევრი სახელმწიფო ტერიტორიაზე, როგორიც საქართველოა, დანაშაულის სავარაუდო ჩამდენების ეროვნების მიუხედავად. ეს კი ნიშნავს, რომ რომის წესდებით გათვალისწინებულ დანაშაულებზე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს იურისდიქცია ვრცელდება იმ დანაშაულებზეც, რომლებიც ჩადენილი იქნა ან რომლის ჩადენაც ნაბრძანები იყო რუსი ეროვნების მოქალაქეების მიერ საქართველოს ტერიტორიაზე. საერთაშორისო სამართლის მიხედვით, სამხრეთ ოსეთი საქართველოს ტერიტორიას წარმოადგენს.

თუ სასამართლო გასცემს სანქციას სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გამოძიებაზე, საქართველოს მთავრობა, როგორც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წევრი სახელმწიფო, ვალდებული იქნება, სასამართლოსთან ითანამშრომლოს. რუსეთის ხელისუფლებაზე იგივე ვალდებულება გავრცელდება. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს თავისი მანდატის ბევრ ასპექტში, მათ შორის დანაშაულის ჩადენის ადგილების, მოწმეების ხელმისაწვდომობასა და დაპატიმრებების განხორციელებაში, სახელმწიფოს თანამშრომლობის იმედი აქვს.

 

11. დაიწყებს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო აღმოსავლეთ უკრაინაში განვითარებული კონფლიქტის გამოძიებას?

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორი განიხილავს უკრაინაში ჩადენილი სავარაუდო დანაშაულების ოფიციალური გამოძიების ინიცირების საკითხს. უკრაინა არ არის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წევრი სახელმწიფო, მაგრამ მთავრობამ ორი განცხადება გააკეთა სასამართლოს იურისდიქციის დაშვების შესახებ - პირველი ეხება კიევში, 2013 ნოემბრიდან და 2014 თებერვლამდე, მაიდანის პროტესტის დროს ჩადენილი სავარაუდო დანაშაულების გამოძიებას, ხოლო მეორე, შედარებით ახალი განცხადება, რომელიც 2015 წლის 15 სექტემბერს გაკეთდა, 2014 წლის თებერვლის შემდეგ ჩადენილი სავარაუდო დანაშაულების გამოძიებას. კონფლიქტი აღმოსავლეთ უკრაინაში 2014 წლის გაზაფხულზე დაიწყო.

თუმცა, გადაწყვეტილებას, მოითხოვოს მოსამართლეებისგან საქართველოში გამოძიების სანქცირება, არანაირი შეხება არა აქვს უკრაინის სიტუაციის წინასწარ მოკვლევასთან, რომელსაც პროკურორის ოფისის ამჟამად აწარმოებს.

 

12. მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ეს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პირველი გამოძიება იქნება აფრიკის კონტინენტის მიღმა?

2003 წელს ამოქმედების შემდეგ, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ გამოძიება აფრიკის 8 ქვეყანაში ჩაატარა. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის ოფისი ატარებს აფრიკის მიღმა რამდენიმე, მათ შორის, პალესტინის სიტუაციის წინასწარ მოკვლევას, რათა გადაწყვიტოს, დაიწყოს თუ არა ოფიციალური გამოძიება. თუმცა, სასამართლოს აფრიკის ლიდერების უსამართლო დევნისთვის აკრიტიკებენ, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც სასამართლომ გამოძიება დაიწყო სუდანის პრეზიდენტის ომარ ალ-ბაშირის და კენიის ახლანდელი პრეზიდენტის უჰურუ კეიატას და ვიცეპრეზიდენტის ვილიამ რუტოს წინააღმდეგ.

ეს კრიტიკა უსაფუძვლოა. აფრიკის ქვეყნები სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წევრი ქვეყნების უმსხვილეს ბლოკს წარმოადგენენ. 5 ქვეყანაში -  ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში, კოტ-დივუარში, კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში, უგანდასა და მალიში - სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა გამოძიება შესაბამისი ქვეყნების მთავრობების თხოვნის ან მათ მიერ იურისდიქციის მინიჭების  შემდეგ დაიწყო. ორ სხვა ქვეყანაში - სუდანის დარფურის რეგიონში და ლიბიაში - სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა მოქმედება მხოლოდ საერთაშორისო საზოგადოებრიობის სახელით გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ თხოვნის საფუძველზე დაიწყო. კენიაში გამოძიების დაწყებაზე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს  პროკურორმა წინასასამართლო პალატის სანქცია მიიღო.

აფრიკაში ზოგმა პოლიტიკურმა ლიდერმა სცადა წინააღმდეგობა გაეწია და სასამართლოს მისია დაემახინჯებინა მისი ნეოკოლონიურ იარაღად წარმოჩენის გზით.

აფრიკის არასამთავრობო ორგანიზაციებმა და აფრიკის ბევრი ქვეყნის მთავრობებმა სასამართლოს მანდატის მიმართ ძლიერი მხარდაჭერა გამოხატეს გასულ წელს გამართულ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წევრი სახელმწიფოების ყოველწლიურ შეხვედრაზე. სასამართლოს პროკურორი, ვიცეპრეზიდენტი და სასამართლოს რამდენიმე სხვა თანამდებობის პირი აფრიკელია ისევე, როგორც წევრი სახელმწიფოების ასამბლეის პრეზიდენტი სიდიკი კაბა, რომელიც სენეგალის იუსტიციის მინისტრია.

ამავე დროს, საერთაშორისო მართლმსაჯულების აღსრულება არათანაბრად ხდება. ძლიერი სახელმწიფოები და მათი მოკავშირეები ხშირად არიდებენ თავს მართლმსაჯულებას, როდესაც მათ ტერიტორიებზე სერიოზული დანაშაულებია ჩადენილი. ეს ნაწილობრივ აიხსნება იმ ფაქტით, რომ ზოგი ქვეყანა არ არის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წევრი სახელმწიფო, ასევე, გაეროს უშიშროების საბჭოს როლით, განსაზღვროს, რომელი სიტუაციის გამოძიება სთხოვოს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს, როდესაც სერიოზული დანაშაულები სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს არაწევრ სახელმწიფოებშია ჩადენილი. Human Rights Watch-ი მხარს უჭერს მართლმსაჯულების აღსრულებას ნებისმიერ ქვეყანაში, სადაც სერიოზული დანაშაულებია ჩადენილი, პოლიტიკური მოსაზრებების მიუხედავად.

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურატურამ მკაფიოდ განმარტა, რომ რეგიონული ბალანსი არ არის ის ფაქტორი, რასაც ის სიტუაციების შერჩევისას ითვალისწინებს. და არც უნდა იყოს. ვინაიდან სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო საერთაშორისო სასამართლოა, რომელსაც ხშირად ძალზე პოლიტიზებულ კონტექსტებში უხდება მოქმედება. პროკურორმა და სასამართლომ მკაფიოდ უნდა აჩვენონ თავიანთი გადაწყვეტილების პროცესში, რომ სასამართლო არის დამოუკიდებელი მართლმსაჯულების აღმსრულებელი ინსტიტუტი.

და მაინც, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლეების მიერ საქართველოში გამოძიების სანქცირების შემთხვევაში, ეს სასამართლოს პირველი გამოძიება იქნება აფრიკის კონტინენტის მიღმა და სასამართლოს მოსახლეობის ახალ ჯგუფებთან დააკავშირებს. ეს ზრდის სასამართლოს მიერ საკომუნიკაციო აქტივობების საქართველოში ჩატარების მნიშვნელობას, რათა აამაღლოს მოსახლეობის ინფორმირების დონე სასამართლოსა და მისი სამართალწარმოების შესახებ.  

 

13. როგორ შეიტყობს საქართველოს და რუსეთის მოსახლეობა, რას აკეთებს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო 2008 წლის კონფლიქტთან დაკავშირებით?

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ყველა ღონე უნდა იხმაროს ინფორმაციის იმ ადამიანებისთვის მისაწოდებლად, რომლებიც პროკურორის შუამდგომლობაში აღნიშნული სავარაუდო დანაშაულების შედეგად დაზარალდნენ.

საქართველო სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წევრი სახელმწიფო 2003 წლიდან არის. საკითხის განხილვა, დაეწყო თუ არა 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტის გამოძიება, პროკურორმა ამ კონფლიქტის დასრულებიდან მალევე დაიწყო და სამუშაო ვიზიტით რამდენჯერმე ჩამოვიდა საქართველოში. საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციებმა მნიშვნელოვანი ინტერესი გამოხატეს სასამართალოს მიმართ. თუმცა, როგორც ჩანს, ფართო საზოგადოება ნაკლებად იცნობს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ან მის სპეციფიკურ პროცედურებს, რაც ტექნიკური და რთული შეიძლება ჩანდეს და ბევრი თვალსაზრისით, ეროვნული სასამართლოების პროცედურებისგან განსხვავდებოდეს.

სხვა ქვეყნებში ჩატარებული სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გამოძიებების გამოცდილება აჩვენებს, რომ ინფორმაციის ნაკლებობა არასწორ წარმოდგენებს და ცრუ მოლოდინებს აჩენს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ქმედების შესახებ. ობიექტური ინფორმაციის არარსებობამ სასამართლო შესაძლოა ასევე დაუცველი გახადოს იმ ადამიანების მხრიდან მისი მანდატის გაზრახ დამახინჯების ან პოლიტიზების წინაშე, რომელთა გამოძიება ან სასამართლოს წინაშე წარდგენა შეიძლება მოხდეს. ეს განსაკუთრებული რისკი შეიძლება აღმოჩნდეს აქ, თუ გავითვალსიწინებთ რუსეთსა და საქართველოს შორის 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტის პოლიტიკურად დამუხტულ კონტექსტს, ზოგად პოლიტიკურ კლიმატს და სამხერთ ოსეთის სტატუსზე არსებულ დავას.

მოგვიანებით არასწორ აღქმასა და ინფორმაციასთან გამკლავება შეიძლება სასამართლოსთვის ძნელი აღმოჩნდეს. თუ საქართველოში გამოძიების სანქცირება მოხდა, არასწორი აღქმა და ინფორმაცია ხელს შეუშლის ნეიტრალური ინფორმაციის მიწოდებას სასამართლოს მომავალი სამართალწარმოების შესახებ.

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პერსონალი საკმარისად გამოცდილია საზოგადოების ინფორმირების აქტივობების წარმართვაში; ამიტომ, მოსამართლეთა მიერ გამოძიებაზე გადაწყვეტილების მიღების დალოდების ნაცვლად, სჯობს დაუყოვნებლივ დაიწყოს საქართველოში საზოგადოების ინფორმირების აქტივობები და ფიქრი იმ გზებზე, რომლებითაც შესაძლებელია დაზარალებულ ინდივიდებთან დაკავშირება რუსეთში. პერსონალმა უნდა სცადოს, ზოგადი ინფორმაციის მიწოდება სასამართლოსა და მისი დამოუკიდებელი მანდატის შესახებ; განმარტოს პროცედურები, რითიც მოსამართლეები იხელმძღვანელებენ გამოძიების ჩატარების პროკურორის მოთხოვნაზე გადაწყვეტილების მიღებისას; ასევე, აცნობოს დაზარალებულს მათი შესაძლებლობის შესახებ, მიაწოდონ სასამართლოს ინფორმაცია როგორც ამ სამართალწარმოების შემადგენილი ნაწილი (იხილეთ ზემოთ).

Your tax deductible gift can help stop human rights violations and save lives around the world.